25-26 მაისს სვანეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი გაიმართება

A-/A+

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღინიშნება მთაში. 25-26 მაისს სვანეთში დაგეგმილი ორდღიანი ფესტივალის მხარდამჭერები მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად არიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია.

მესტიაში, თეთნულდსა და ჰეშკილში დაგეგმილი ღონისძიებების სლოგანია „იგრძენი თავისუფლების ძალა მთაში“.

სვანეთის მოსახლეობისთვის და მთის სტუმრებისთვის 25 მაისს მესტიაში გაიმართება: უშბისა და თეთნულდის გმირების ფოტო გამოფენა, ფესტივალის ფარგლებში შექმნილ არტ-სივრცეში შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, ისტორიული და ახალი ფილმების ჩვენება სვანეთზე, შემეცნებით-გასართობი აქტივობები ბავშვებისა და დიდებისთვის.

თეთნულდზე გაიმართება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სათხილამურო ტურნირი, სადაც გულშემატკივრებსა და მთის სტუმრებს დახვდებათ განსაკუთრებული სადღესასწაულო გარემო  და გასართობი პროგრამა, ტურნირის გამარჯვებულებს კი საღამოს, კონცერტის მსვლელობისას დააჯილდოვებენ. 

მთის სტუმრებს ჰეშკილში დახვდებათ კემპინგი და ფერადი კარვები, მოსასვენებელი სივრცე, გასართობი აქტივობები ბავშვებისა და მოზარდებისთვის, სხვადასხვა სახის შეჯიბრი, თამაშები და კარაოკე, ჰეშკილის ცის საქანელა. 

26 მაისს მესტიაში, მთელი დღის განმავლობაში იგეგმება შემეცნებით-გასართობი აქტივობები, განთავსდება საბავშვო სივრცეები, სტუმრებს გაართობენ ილუზიონისტები და აკრობატები, გაიმართება შეჯიბრი მკლავჭიდში, ჭადრაკში, ნარდსა და კლდეზე ცოცვაში, თეატრალიზებული საბავშვო წარმოდგენა, ფოლკლორული კონცერტი.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 25 და 26 მაისს მესტიის მიმართულებით 2 დამატებითი რეისი დანიშნა.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე:https://ticket.vanillasky.ge/

15.05.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია