ჩეხეთის დელეგაცია საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიის და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა, სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ბორივოჟ მინარი და ჩეხეთის 20-ზე მეტი ბიზნეს-კომპანიის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
სტუმრები მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კაციამ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კუპატაშვილმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ მაია გიქოშვილმა მიიღეს.
მარტა ნოვაკოვა და ჩეხური ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდნენ. 
ქართულმა მხარემ სტუმრებს სრული ინფორმაცია მიაწოდა საგზაო მიმართულებით და წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობა-რებილიტაციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. 
საუბარი ასევე შეეხო ტენდერებში მონაწილეობის წესებსა და რეგულაციებს.
დღესვე თბილისში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
 

13.09.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია