საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების სანიტარული ნაგავსაყრელების მოწყობა იგეგმება

A-/A+

მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამის შესახებ იმსჯელეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
შეხვედრას მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოადგილეები - მზია გიორგობიანი, გრიგოლ კაცია და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW ) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის  დირექტორი კლაუს ვეიგელი ესწრებოდნენ.
პროექტი კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სანიტარული  ნაგავსაყრელის მოწყობას და ინტეგრირებულ მართვას ითვალისწინებს.  ამ პროექტისთვის უკვე  მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები.
გეგმის თანახმად, მოეწყობა ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელი, აშენდება გადამტვირთი სადგურები და კომპოსტირების პილოტური ქარხანა. პროექტი ასევე ითვალისწინებს დასუფთავების მანქანების შეძენას  და არსებული ნაგავსაყრელების დახურვას. 
პროექტის დასაფინანსებლად KfW 30 მილიონი ევროს გამოყოფს.
გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის კუთხით  ვითარების გაუმჯობესებაში ეხმარება. KfW საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის საქვეუწყებო ორგანიზაციებთან  მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომავალში თანამშრომლობის გაფართოება იგეგმება. 
მყარი ნარჩენების მართვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა. საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ნაგავსაყრელების მოწყობა მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობის სანიტარული პირობების, ისე ზოგადი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
 

14.05.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია