სამინისტრომ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, მედიის წარმომადგენლებთან  შეხვედრები დაიწყო. პირველ შეკრებას მინისტრსა და მოადგილეებთან  ხუთი რეგიონის:  შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის პრესის, რადიოსა  და ინტერნეტ მედია საშუალებების 25-მდე ჟურნალისტი ესწრებოდა.  
სამინისტროს ხელმძღვანელებმა  ჟურნალისტებს  დეცენტრალიზაციისა და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტები, მიმდინარე ინფრასტუქტურული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს. 
,,პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის და მოსახლეობის მეტად ინფორმირებულობისთვის რეგიონული მედიის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.  აუცილებელია, არსებული მდგომარეობისა და პროცესების შესახებ  მოსახლეობამდე სწორი და ობიექტური ინფორმაცია მივიდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს აქტიური თანამშრომლობა რეგიონულ მედიასთან’’-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
სამინისტროს მენეჯმენტმა  ჟურნალისტებთან დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა  და მის ძირითად პრინციპებს გაუსვა ხაზი. საშუალოვადიანი სტრატეგიის პროექტის მოსამზადებლად, მედიის წარმომადგენლებს სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შესთავაზეს. 
,,სამინისტრომ დაიწყო დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის პროექტის მომზადება. პროცესი გულისხმობს მეტი უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის მინიჭებას თვითმმართველობებისთვის, მოხდება დამატებითი რესურსებისა და ფინანსების გადანაწილება მუნიციპალიტეტებში. ისინი თავად განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, საკითხის სიმწვავესა და აქტუალობას. ეს არის მეტი შესაძლებლობა და კომპეტენცია თვითმმართველობებისთვის დეცენტრალიზაციის პროცესში, რაზეც ყველა მხარე თანხმდება ’’-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 
მინისტრის მოადგილეებმა ჟურნალისტებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია საგზაო, ტურისტული და სოციალური ინფრასტრუქტრული პროექტების შესახებ, ასევე რეგიონებში წყალმომარაგების კუთხით არსებულ გამოწვევებზე,  ისაუბრეს ამ მიმართულებით დაგეგმილ პროექტებსა და სამომავალო გეგმებზე. 
სამინისტრო მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრებსა და მჭიდრო თანამშრომლობას რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან  აქტიურად გეგმვას. 

30.07.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია