საკრებულოებმა სოფლების მიერ არჩეული 3,038 პროექტი უკვე დაამტკიცეს

A-/A+

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე საკრებულოების მიერ უკვე განხილული და დამტკიცებულია 1,985 სოფლის 25,601,300 ლარის ღირებულების 3,038 პროექტი. ყველა ეს პროექტი სოფლის საერთო კრებებზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მეორე ეტაპი 1 აპრილამდე გაგრძელდება. ამ დროისათვის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს და დაამტკიცებს სოფლების მიერ არჩეულ პროექტებს. 

თუ 1 აპრილამდე მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხა ვერ განაწილდება, დარჩენილი თანხა დაუბრუნდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს და მოხმარდება ისევ რეგიონის საჭიროებებს. 

საკრებულოების მიერ დამტკიცებულ პროექტებზე საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები 1 აპრილის შემდეგ ეტაპობრივად  დაიწყება.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 3700 სოფლის მცხოვრებმა თავად  გადაწყვიტა, თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის გამოყოფილი 40 მილიონი ლარი. შედეგად, სოფლის კრებებზე  მიღებულია  2 300-ზე მეტი გადაწყვეტილება მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ.

მოსახლეობის მიერ არჩეულ პროექტებს შორისაა:  სასმელი წყლის რეზერვუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა; წყაროს მოპირკეთება; საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება და ატრაქციონების დადგმა; ხიდის შეკეთება; გარე განათების მოწყობა; სასაფლაოს ჭიშკრის აღდგენა და წყლის შეყვანა; ბიბლიოთეკისა და მგზავრთა მოსაცდელის რეაბილიტაცია; გმირთა მემორიალის მოწესრიგება და კულტურის სახლის შეღებვა; საცალფეხო ხიდის შეკეთება და შიდა გზების მოხრეშვა; სავარჯიშო ადგილის მოწყობა და სხვა.

დასაფინანსებელი პროექტები მოსახლეობას  1 მარტამდე უნდა შეერჩია. თავდაპირველად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 20 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა გამოიკვეთა პროგრამის გაზრდის საჭიროება. მთავრობის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით, პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და 40 მილიონი ლარი გახდა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით,  მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება.  5-დან 20 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით ნაწილდება. შერჩეული პროექტების თანადაფინანსება შესაძლებელია სხვა ფინანსური წყაროებიდან (საერთაშორისო ან დონორი ორგანიზაციებიდან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ან კანონით ნებადართული სხვა სახსრებით).
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

22.03.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია