მინისტრმა კონტრაქტორ კომპანიას დუშეთის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოს დაჩქარება მოსთხოვა

A-/A+

დუშეთის ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოს მიმდინარეობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადგილზე შეაფასა. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მშენებლობის ტემპები არადამაკმაყოფილებელია და აუცილებელია, რომ კონტრაქტორმა კომპანიამ ობიექტზე მუშახელი დაამატოს.

დუშეთის ცენტრალურ პარკში ინფრასტრუქტურა დაზიანებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2017 წლის აპრილში დაიწყო და დადგენილ გრაფიკში ვერ ჩაეტია. ახალი გეგმის მიხედვით, პროექტი სექტემბერში უნდა დასრულდეს. სამუშაოს 2 446 532 ლარით მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

პროექტით გათვალისწინებულია:  შადრევნის, სანიაღვრეების და კანალიზაციის მოწყობა.  ასევე, საყრდენი კედლის გამაგრება, ბილიკებისა და პატარა სკვერების, პარკის განათების, საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და მოსასვენებელი სკამების განთავსება. სამუშაოები ითვალისწინებს პარკში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის გარემოპირკეთებას.

,,სამუშაოს მიმდინარეობის ტემპით უკმაყოფილო ვარ. პროექტი მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, შესაძლოა წლის ბოლომდეც არ მოესწროს. გვექნება აქტიური კომუნიკაცია კონტრაქტორ კომპანიასთან, რათა სამუშაო ტემპი გაიზარდოს. ამ პროექტის გარდა, დუშეთში დაგეგმილი გვაქვს პარკის ირგვლივ ფასადების რეაბილიტაცია, ცენტრის მთლიანად რეკონსტრუქცია და ჭილაშვილების სასახლის აღდგენა მსოფლიო ბანკის დახმარებით“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დუშეთის ცენტრალური პარკის კეთილმოწყობა და ქალაქში დაგეგმილი  სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელს შეუწყობს დამსვენებლების რაოდენობის ზრდას. შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ტურიზმის განვითარებისთვის, რაც გააუმჯობესებს ადგილობრივების სოციალურ მდგომარეობას.

 

28.06.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია