"მზიურის პარკთან ბევრი მოგონება გვაკავშირებს და მიხარია, რომ ის მეორე სიცოცხლეს შეიძენს"

A-/A+

“თითოეული ჩვენთაგანისთვის ეს პარკი არის ძალიან ბევრ მოგონებასთან დაკავშირებული, ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდობაში ვსეირნობდით და ძალიან მიხარია, რომ ახლა, ჩვენი პარტნიორების დახმარებით, შეგვიძლია განვახორციელოთ პროექტი, რომელიც მზიურს ახალ სიცოცხლეს შესძენს“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს, პროექტ „განახლებული მზიურის“ პრეზენტაციაზე.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. მის დასრულება 2020 წლის დასაწყისში იგეგმება.
“ეს არის ადგილი, სადაც ახალგზარდობა ერთხელ უკვე გაერთიანდა სტიქიის დროს და პარკის რეაბილიტაციის შემდეგ, დარწმუნებული ვარ ასეთი ტიპის პროექტები ახალგაზრდობას მისცემს საშუალებას დრო სასიამოვნო სივრცეში პოზიტიურად გაატარონ. ასევე მჯერა, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი და აქ კიდევ ძალიან ბევრი პროექტი დაიდებს სათავეს. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ეს პარკი იქნება არამხოლოდ მწვანე სივრცე, რომელიც ძალიან საჭიროა თბილისისთვის, ასევე ახალგაზრდების ოცნებების სახლი“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მზიურის პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა. პროექტის თანახმად, იგეგმება 13 ივნისის წყალდიდობის  შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიისა და პარკის აღდგენა-მოწყობა, არსებული ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია. ასევე, პარკის ტერიტორიაზე განთავსებული ამორტიზებული შენობების კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებად გარდაქმნა.
ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში მედიათეკა და თანამედროვე გალერეის საგამოფენო დარბაზი მოეწყობა, ასევე აიგება შენობა, რომელშიც თოჯინების მუზეუმი განთავსდება.
 

09.11.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია