მაია ცქიტიშვილმა სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიებისგან განმარტება მოითხოვა

A-/A+

მაია ცქიტიშვილი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების - ალიანსისა და ეპტისას წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის თემა ქობულეთის სანაპიროზე დამცავი კედლის რეაბილიტაცია და ახალი ბულვარის მოწყობა იყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მშენებლობის პროცესი კრიტიკულად შეაფასა და კომპანიების წარმომადგენლებისგან  პროექტით გათვალისწინებული ვადების დარღვევის გამო განმარტება მოითხოვა.

შპს ალიანსის წარმომადგენლებმა წარმოქმნილი პრობლემების მიზეზად ზღვის სანაპიროს სპეციფიკა დაასახელეს.

„ჩვენ გუშინ საკუთარი თვალით ვნახეთ რა მდგომარეობაა სამშენებლო ობიექტზე და ყველაზე ცუდ მოლოდინსაც არ შეესაბამება იქ არსებული ვითარება. თქვენ უნდა გცოდნოდათ, როცა ტენდერში გადაწყვიტეთ მონაწილეობა, როგორია ზღვის სანაპიროზე მუშაობის სპეციფიკა. როგორც ირკვევა, საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენელიც პერიოდულად გაფრთხილებდათ, რომ ვადების დასაცავად აუცილებელი იყო მეტი ადამიანური და ტექნიკური რესურსი, თუმცა ესეც გადაულახავ გამოწვევად დარჩა“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, უკვე გადაწყვეტილია, რომ პროექტში სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ჩაერთვება და სამუშაოები 1 მაისიდან დაიწყება, რათა მნიშვნელოვანი მონაკვეთის დასრულება საზღვაო სეზონის დაწყებამდე მოესწროს, კონტრაქტორი კომპანია კი მხოლოდ დაწყებულ სამუშაოებს დაასრულებს.

ქობულეთის სანაპიროზე დამცავი კედლისა და ბულვარის რეაბილიტაცია, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური  განვითარების ფონდმა გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტი წელს, საზღვაო სეზონის დადგომამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები შეაჩერა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოყვა. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ქობულეთის მერთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად,  ტურისტული სეზონის წინ, ზღვისპირა ზოლზე არსებულ ვითარებას გუშინ გაეცნენ.
 

23.04.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია