მაია ცქიტიშვილი-დუშეთს აქვს ძალიან დიდი ისტორია და კიდევ უფრო დიდი განვითარების პოტენციალი

A-/A+

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღეს დუშეთში რეაბილიტირებული ცენტრალური პარკი გახსნეს. 
პროექტი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა და სამუშაოებზე 2,7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. მოეწყო სანიაღვრეები, გამწვანება, ბილიკები, შადრევანი და სკვერები, დასრულდა პარკში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მოპირკეთებისა და გადახურვის სამუშაო. პარკის რეაბილიტაციაზე ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.  
„მადლობა ყველას, ვინც სხვადასხვა ფორმით იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. დუშეთს აქვს ძალიან დიდი ისტორია და კიდევ უფრო დიდი განვითარების პოტენციალი. მჯერა, რომ ეს მხარე დაიბრუნებს ტურისტულად საინტერესო ადგილის როლსა და ფუნქციას. ამისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გეგმავს დუშეთის ცენტრის და 40-ზე მეტი ისტორიული სახლის რეაბილიტაციას. ხელშეკრულებას დღეს უკვე მოეწერა ხელი. ამ და ყველა სხვა სარეაბილიტაციო პროექტში გათვალისწინებულია ეკონომიკური კომპონენტი, აღდგენილ სახლებში განთავსდება პატარა ზომის სასტუმროები, კაფეები, ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ადგილობრივ და უცხოელ დამსვენებლებს მოიზიდავს. ამას გარდა, რეგიონში ვმუშაობთ წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, ვგეგმავთ მუცოს ხეობის სრულ რეაბილიტაციას, სკოლების,  საბავშვო ბაღების, ამბულატორიები, სპორტული ობიექტების მშენებლობას. მცხეთა-მთიანეთში მომავალ წელს დაახლოებით 150 მილიონი ლარის სამუშაოები ჩატარდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით შემოსავალს გაუჩენს“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 
დუშეთის ცენტრალური ქუჩებისა და ისტორიული სახლების რეაბილიტაცია მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება. პროექტი ითვალისწინებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული მე-19, მე-20 საუკუნის მიჯნაზე აგებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქური ტიპის შენობა-ნაგებობების პირვანდელი სახით აღდგენას.
პროექტით ასევე განსაზღვრულია ორი, განსაკუთრებული ისტორიული ღირებულების მქონე - ილია ჭავჭავაძისა და ე. წ. „აპრელოვის“ სახლების რეაბილიტაცია. 
 

27.11.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია