მაია ცქიტიშვილი - ახალი გამოწვევები და ინიციატივები საჭიროებს ახალ ადამიანებს

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მოქმედ და ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა. 
შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარიც უნდა დასწრებოდა, თუმცა როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, სვანეთში განვითარებული მოვლენების გამო ის ჭუბერში გაემგზავრა.
„შევაჯამეთ ის ოთხი თვე, რომელიც ერთად ვიმუშავეთ სხვადასხვა პროექტზე და მადლობა გადავუხადეთ ერთმანეთს თანამშრომლობისთვის. ვფიქრობ, პრემიერმა კარგად ახსნა დღეს, რომ  ახალი გამოწვევები და ინიციატივები, დაანონსებული რეფორმები საჭიროებს ახალ ადამიანებს და მჯერა, რომ ეს ცვლილებები პოზიტიურად წაადგება რეგიონების განვითარებას“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს 5 გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. პოსტები დატოვეს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ. 

თანამდებობაზე რჩებიან გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი.

26.07.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია