ზუგდიდის მოსახლეობას წყალარინების ცენტრალიზებული სისტემა ექნება

A-/A+

ქალაქ ზუგდიდში წყალარინების (კანალიზაციის) თანამედროვე ქსელი კეთდება.  სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. 
პროექტი ითვალისწინებს მთელი ქალაქის ამორტიზებული წყალარინების სისტემის  რეაბილიტაციას და 180 კილომეტრამდე წყალარინების ქსელის მოწყობას. მშენებლობის პროცესში ადგილობრივი (ქართული) წარმოების გოფრირებული მილები გამოიყენება. 
მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან გიორგი კობერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. 
ზუგდიდის მოსახლეობის 60%, წყალარინების სისტემის არარსებობის გამო, დღემდე ვერ სარგებლობს საკანალიზაციო სისტემით. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქს ექნება წყალარინების სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა და ადგილობრივ  მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული საყოფაცხოვრებო პირობები მოუგვარდება. 
პროექტს აზიის განვითარების ბანკი 85 მილიონ ლარამდე აფინანსებს.  სამუშაოები 2020 წლის დასაწყისში დასრულდება.
 

08.03.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია