ამერიკული კომპანია Bechtel საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, უმსხვილესი ამერიკული კომპანია Bechtel-ის წარმომადგენლებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს.
,ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტებს ვახორციელებთ. 2021 წლისთვის  ვგეგმავთ სივრცითი მოწყობის პროგრამით გათვალისწინებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალების დასრულებას. ზაფხულში გამოვაცხადებთ ტენდერებს რიკოთის და ქვეშეთი-კობის მონაკვეთებზე. პროექტების მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, დაინტერესებული ვართ ვითანამშრომლოთ მაღალი სტანდარტის გამოცდილ კომპანიებთან, რათა მივიღოთ ხარისხიანი საგზაო ინფრასტრუქტურა“-  განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ირაკლი ქარსელაძემ, კომპანიის წარმომადგენლებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის, ქვეშეთი-კობის, რუსთავი-წითელი ხიდის, ალგეთი-სადახლოსა და  ფოთის ხიდის პროექტების შესახებ.
Bechtel 1898 წელს დაარსდა და საინჟინრო-სამშენებლო მიმართულებით მუშაობს.  კომპანია, რომელიც წელს უმსხვილეს ამერიკულ კომპანიად დასახელდა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს 160 ქვეყანაში ასრულებს, მათ შორის - ბალკანეთის ქვეყნებსა და თურქეთში. Bechtel - მა საქართველოში უკვე განახორციელა რამდენიმე პროექტი ენერგეტიკის სფეროში.
 

05.06.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია